Tuesday, June 9, 2009

ბაბილონის დაკიდული ბაღები

ძვ.წ. 604-562 წლებში ბაბილონს მართავდა დიდი მეფე ნაბუქოდონოსორ II. მისი სამეფო დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, მდინარე ევფრატის ნაპირებზე მდებარეობდა.
ლეგენდა ბაბილონის დაკიდული ბაღების შესახებ დაახლოებით 2000 წელი არსებობს,მაგრამ,რაც არ უნდა საოცარი იყოს, მათი არსებობის დამადასტურებელი არცერთი საბუთი არ მოგვეპოვება. ქალაქ ბაბილონის უძველეს აღწერებში მოიხსენიება. ბაღების კვალს ვერ მიაგნეს არქეოლოგებმაც, რომელთაც ეს უძველესი ქალაქი მთლიანად გათხარეს.


გადმოცემის თანახმად, ბაღები მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ ააგო. ისტორიულ ჩანაწერებში მოწმობენ,რომ ნაბუქოდონოსორმა, რომელიც ძვ.წ. 605-562 წლებში მეფობდა, ბაბილონის იმპერია შექმნა და ქალაქ ბაბილონს შორსგაუთქვა სახელი. ლეგენდის თანახმად მეფე თავისი მეუღლის,დედოფალ ამიტასისთვის საჩუქრად დაკიდული ბაღების გაშენება გადაწყვიტა. ქალაქი ბაბილონი 539 წელს სპარსელთა შემოსევამ გაანადგურა და ბაღების შესახებ დღეს მხოლოდ გადმოცემით ვიგებთ. თუმცა მსგავსი ბაღების კვალს ბაბილონის მახლობლად მიაგნეს,რის შედეგადაც არქეოლოგებმა ნაწილ-ნაწილ შეძლეს დაკიდული ბაღების სურათის აღდგენა...





სამოთხე დედამიწაზე

ამბობენ, რომ დედოფალი ამიტასი თავს უბედურად გრძნობდა,რადგანაც, უდაბნოში გათხოვილს საკუთარი ამწვანებული სამშობლო ენატრებოდა. ამიტომ ნაბუქოდონოსორმადაკიდული ბაღების გაშენება გადაწყვიტა. ბაღებს ამიტასისთვის მშობლიური მიდიის ბუნება უნდა მოეგონებინა. ამ ხელოვნურ სამოთხეში სამეფო ოჯახს შეეძლო ესეირნა, დაესვენა და დაელია...


მეფემ იზრუნა, რათა ბაბილონი უმშვენიერესი და აყვავებული ქალაქი ყოფილიყო. გაოცებას იწვევდა ქალაქის შესასვლელი, რომელიც ქალღმერთ იშთარის კარიბჭედ მოიხსენიებოდა. კარიბჭის კოშკები მოპირკეთებული იყო სხვადასხვა ფერის მოჭიქული შორენკეცით. მუქ ლურჯ ფონზე გამოსახული იყო თეთრი და ყვითელი ხარების, დრაკონებისა თუ ოქროსფერფარფლიანი ლომების ფიგურები. იშთარის კარიბჭიდან იწყებოდა და მთელ ქალაქს კვეთდა პროცესიის ქუჩა, რომელსაც ამშვენებდა სამეფო სასახლე და მთავარი ტაძარი. სასახლის კედლის მიღმა მოჩანდა ე.წ. დაკიდული ბაღები. ტერასებად აგურდაგებულ თაღებზე ნოყიერი მიწა ეყარა. დარგული იყო აზიის სხვადასხვა კუთხიდან მოზიდული ხეები, ბუჩქები და ყვავილები. შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ბაღები ჰაერში ეკიდა. ბაღები ირწყვებოდა ევფრატის წყლით, რომელიც იქ საგანგებო წყალსაქაჩი ბორბლებითა და ტყავის ჭურჭლით აჰქონდათ.




ბაბილონის დაკიდული ბაღების გაშენებას დღესაც შეცდომით მიაწერენ დედოფალ შამურატს, რომელიც ნაბუქოდონოსორამდე ორასი წლით ადრე განაგებდა ბაბილონს. მას ბერძნები სემირამიდას უწოდებდნენ. სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია, რომ ნაბუქოდონოსორის მიერ შექმნილ ბაღებს ბევრი სემირამიდას ბაღებად მოიხსენიებს. ბაბილონის დაკიდებული ბაღებისაგან დღეს არაფერია დარჩენილი, მაგრამ, თუ როგორი იყო იგი, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ძველ ასურულ რელიეფზე გამოსახული ბაბილონური შენობა-ნაგებობების მიხედვით.










2 comments: