ფაროსის შუქურა,რომელიც ღამე დიდი მანძილიდან ჩანდა, შთამბეჭდავი სანახაობა იყო. მისი სინათლე გემებს სახიფათო წყალქვეშა კლდეების შესახებ ამცნობდა.შუქურა მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან უკანასკნელი და, ამასთანავე ყველაზე სასარგებლო იყო. მან თითქმის 1700 წელი იარსება და დღემდე მსოფლიოს ყველაზე მაღალ შუქურად ითვლება.
ალექსანდრიის, იგივე ფაროსის, შუქურა ნაგები იყო მარმარილოს ფილებით, სიმაღლე 150 მეტრს აღწევდა. შუქურა შედგებოდა მარმარილოს სამი კოშკისაგან. ქვედა, პირველი კოშკი, სწორკუთხა ნაგებობა იყო და მასში ის ხალხი ცხოვრობდა, ვინც შუქურას ემსახურებოდა. მის ზემოთ იდგა შედარებით პატარა, რვაკუთხოვანი კოშკი, საიდანაც სპირალური კიბეებით მესამე კოშკში ადიოდნენ. ზედა კოშკს ცილინდრის ფორმა ჰქონდა. მის თავზე მუდმივად ენთო ცეცხლი, რომელიც გზას უნათებდა ხომალდებს. შუქურას თავზე აღმართული იყო ზევსის ქანდაკება. გაშლილი ზღვიდან შესაძლებელი იყო შუქურას დანახვა 50 კმ-ის მანძილიდანაც კი
დროთა განმავლობაში ალექსანდრიის უბე ზღვის მიერ მოტანილი სილით აივსო. XII საუკუნეში სილის რაოდენობამ ისე მოიმატა, რომ პორტში ხომალდების შესვლა შეუძლებელი გახდა. პორტი გაუქმდა, ხოლო შუქურა უმოქმედოდ და
რჩა. XIV საუკუნეში იგი ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. შუქურას ბრინჯაოს ფირფიტები მონეტებისა და სარკეების დასამზადებლად გამოიყენეს, ხოლო ქვებით სამხედრო ფორტი ააშენეს. ეს ნაგებობა დღემდე დგას ყოფილი შუქურას ადგილზე.
ბერძენი მწერალი ლუკიანე სამოსატელი გვატყობინებს, რომ არქიტექტორმა, რომელმაც შუქურა ააგო, თავისი სახელი აღბეჭდა ერთ-ერთ ქვაზე იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში იგი გადმოვარდებოდა და გამოჩნდებოდა წარწერა: „სოსტრატე, დექსიფონეს ძე კნიდოსელი.“ თუმცა, იპოვა თუ არა ვინმემ ოსტატის წარწერა, არავინ უწყის.
























